Thursday, March 9, 2017

ქაჯავეთის ირაციონალური სამყარო

                                                                                                                                                      



                                                       ავტორი : სალომე ძიძიგური 



                                         ქაჯავეთის ირაციონალური სამყარო

                                      

                                                                                                         
                                                     თბილისი
                                                          2016


                                               

                                               შესავალი

 აზროვნება გარკვეულ წინამძღვრებას ექვემდებარება...
 რას ვგულისხმობ?
ყველაფერი რაც ადამიანის აზროვნების შედეგად იქმნებოდა , ყალიბდებოდა და ,მოგვითხრობდა გარკვეულ ჭეშმარიტებაზე, რომელიც თავის თავში მატერიალურ სამყაროსთან ერთად ირაციონალურ ცოდნასაც მოიცავდა და ასევე ემყარებოდა გარკვეულ წესრიგს. მითოლოგიის აბსოლუტურ ცონაზე ნამდვილად ვერ დავდებ თავს , არც ლეგენდების მკვლევარი ვყოფილვა ოდესმე, მაგრამ მითოსშიც და შემდგომშიც ნელ-ნელა განვითარებულ ლიტერატურაშიც ყოველთვის დაცული იყო ერთი ხაზი - ესაა ჭეშმარიტების ძიება და გმირის ამ ჭეშმარიტებას , სიკეთე მოაქვს ადამიანურ სამყაროში.
ჩვენი პირველი გმირულ სამიჯნურო პოემა „ ვეფხისტყაოსანი „ სწორედ ამ ხაზსს მიუყვება, საინტერესოა ის ფაქტი, რომ ზვიად გამსახურდია „ ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველებაში“ უკავშირებს სუფისტურ „ნესთ ანდარე ჯეჰან“  სიტყვა სიტყვით ითარგმნება , როგორც- მსგავსი არ არს ქვეყნად . ამ სიმბოლოს იყენებენ სუფისტები ღმერთის ჭეშმარიტების გამოსახატავად.
 პოემის მიხედვით ჭეშმარიტებას იტაცებენ და ატყვევებენ ქაჯები (ქაჯეთის ციხეში) , რომლებიც ქართულ მითოსში გამოხატავს ბოროტ ძალას, ბნელ არაადამიანურ ძალას , ქაჯების თავისებურება სწორედ ისაა , რომ ისინი ადამიანური სახით არსებობენ , მაგრამ შინაგანად მათ არაფერი აკავშირებთ ადამიანთან.
ასევე ქაჯეთის ციხე ჩვენს აზროვნებაში ასოცირდება „ბოროტების სავანესთან“ . არსებებთან- რომლებიც იქ ცხოვრობენ, გრძნეულებთან , მუსიკოსებთან და ა.შ
ქაჯეთის ციხე , როგორც გეოგრეფიული არეალი რეალურად ისტორიულ წყაროებში გვხვდება, ვახუშტი ბატონიშვილი ქაჯისციხეს შეცდომით ციხე-ქალაქ წუნდასთან აიგივებდა. ეს ციხე მოუნახულებია ექვთიმე თაყაიშვილს და მისთვის „მრისხანე ციხე“ უწოდებია. ციხესთან რაბათის არსებობას ადასტურებს ექვთიმე თაყაიშვილიც. აქვე უნდა ყოფილიყო სოფელი საბადური , ამჟამად ეს ტოპონიმი დაკარგულია, ჯერ კიდევ 1943 წელს ლევონ მელიქსეთ -ბეგი ვარაუდობდა , რომ ციხე უნდა ყოფილიყო „ვეფხისტყაოსნის“ ქაჯეთის ციხის პროტოტიპი და არა -ალამუთის ციხე.[1]
ასევე ჯაჯეთის ციხე და ქაჯები ძვ. ბერძნულ წყაროებშიც არის მოხსენიებული ძვ.წ მეექვსე საუკუნეში, ავტორი მას ახასიათებს , როგორც მსოფლიოს უმძლავრეს ციხეს და მას აპორდუსს- მაგიის მცოდნე ხალხით დასახლებულ ციხეს უწოდებს. ასევე ის ამბობს , რომ ციხის მცხოვრებნი ფლობენ უძლიერეს ძალასა და ტექნიკას და ნებაყოფლობით არიან კოლხეთის სამეფოს ვასალები.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ , რომ ის რაც ირაციონალური გვგონია შეიძლება რეალობა იყოს . რეალურად არსებობდეს , რადგან ყოველი მითი თუ მითოსი , არის რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული , რომელმაც დროს გაუძლო და ფრანგმეტების სახით მოაღწია ჩვენამდე.(უფრო ვრცლად იხ ქვემოთ)
ყოფით დონეზე ტერმინი „ქაჯი“ საკუთარი უპირატესობის საჩვენებლად იხმარება, თუმცა , ამ ტერმინით უმთავრესად ინტელექტუალური და არაინტელექტუალური შრომით დაკავებული ადამიანები გაიყოფოდა , მაგრამ ეს არ იყო საკმარისი, იმისთვის , რომ ადამიანი „ქაჯი“ გამხდარიყო , საჭირო იყო პირველ რიგში დაეკარგა ტრადიციული ნორმები და ღირებულებები , რომლებითაც გლეხი თუ ინტელიგენტი სხვებისადმი პატივისცემას გამოხატავდა , ამას თან უნდა დართვოდა პრესტიჟული სოციალური როლის დაკავების დაუოკებელი სწრაფვა, ამ როლის შესაბამისი თვისებების უქონლობასთან ერთად , მაშინ იგი „ქაჯად“ იქცეოდა, გლეხი იქნებოდა მუშა , თუ ინტელიგენტი.
ლიტერატურასა და ხალხურ სიტყვიერებაში გადასული ქაჯი სხვა თვისებების მატარებელია , ეს ტიპი მრავალ ნაწარმოებშია აღწერილი : რუსთაველთან (როგორც უკვე ზემოთ ვისაუბრეთ) შექსპირთან, ქართულ ზღაპრებში , კინემატოგრაფიაში... ამ ხელოვნურ ტიპს მთავარი საერთო აქვს ყოფით ტიპთან, ეს არის დაუნდობლობა სწრაფვა იმისკენ , რაც მორალურად მისი არ არის.

                    ქაჯავეთის ირაციონალური სამყარო
ადამიანთა სამყარო და მათი ცხოვრების ეტაპები ძალზედ მრავალფეროვანია, რომელშიც ადამიანი დროის , სივრცის და მიზეზის ფაქტორებით არის შემოზღუდული, ასევე იყო წარშულშიც ისინი შემოზღუდულები იყვნენ ე.წ გარე სკნელით , რომელშიც შედიოდნენ ვერტიკალური და ჰორიზონტალურ ჭრილში განთავსებული საუფლოები, მიწისქვეშეთი , ზეცა და უცნობი ადგილები , სამყოფი საშიში და სახიფათო ძალებისა.
ეს სამყარო მრავალნაირი არსებებით არის დასახლებული და მათთან გარკვეული სიმბოლოები და სიმბოლიზმი ასოცირდება. სიმბოლოები უპირატესად მოქმედებენ სამ დონეზე: ფსიქიკაში , რომელსაც ტრადიციულად მიკროკოსმოსი ეწოდება; საზოგადოებაში -მეზოკოსმოსში და სამყაროში /ბუნებაში - მაკროკოსმოსში, ანუ კოსმოსში. მაგრამ ადამიანი პატარა ფრანგმეტში და იზოლირებულად კი არ ცხოვრობს, არამედ მთლიანად ერთიან სამყაროში და ამ სხვადასხვა სფეროებთან გამუდმებით ურთიერთობს. ფსიქოლოგების განმარტებით , შიდა ხედვები გარეგნული გამოხატვისკენ ისწრაფვიან, ხოლო გარე ფაქტები - მნიშვნელობას ეძებენ (ჩეთვაინდი 1986)
ფოლკლორში შეგვიძლია ვეძებოთ ორი მხარე : პირველი სიმბოლოები რომლებიც ბუნებრივი წარმომავლობისაა. მაგ: გველები, ხარები, ხეები... და მეორე , რომელიც ადამიანის ფსიქიკიდან გამომდინარეობს : დრაკონები, ღმერთები, დემონები/ქაჯები//გრძნეული ადამიანები და სხვა.
არსებები , რომლებიც თავს ესხმიან საზოგადოებას ერთდროულად აღიწერებიან , როგორც : დევები , ოჩოკოჩები, ჭინკები , ქაჯები დაფარული განძის მცველები და ა.შ., ამგვარად გვაქვს რეალური სამყარო და ანტისამყარო, ამ უკანასკნელის წარმომადგენლობაზე ზემოთ ვლაპარაკობდით . რეალური სამყაროს წარმომადგენლებად შეგვიძლია ჩავთვალოთ გმირები , რომლებიც თითქმის მთელ ხაზს მიჰყვება ფოლკლორში და ანტიგმირები , რომლებიც ასე უხვად გვყავს ქართულ მითებში: ოჩოკოჩი, დიხაშ კოჩი ,  (მიწის კაცი მეგ.), დალი, კაპი, მიზინთხუ , ისევ და ისევ ქაჯები და სხვ. მათი ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს , მხოლოდ ერთ მითოლოგიურ პერსონაჟებზე ვისაუბრებ ვრცლად „ქაჯებზე“ და მათ ტერიტორიულ არეალზე „ქაჯავეთზე“.
 და მაინც ვინ არიან ქაჯები? აღმოსავლეთ საქართველოში , ქაჯსა და წმ. გიორგის სახელები იკვეთებიან „ქაჯავეთის დალაშქვრის „ თქმულებაში, თქმულების მიხედვით, ფშავ-ხევსურების ჯვარ-ხატებს ქაჯავეთი დაულაშქრავთ. მათთან ერთად ხორციელი, ხახმატის ჯვრის მკადრე გახუა მეგრელაურიც თან ხლებიათ, ხოლო გვამი ადგილზე დაუტოვებიათ და თან სული წაუყვანიათ, როდესაც ქაჯთა ადგილსამყოფელისთვის მიუღწევიათ, გიორგი ნაღვართმშვენიერს „საფარველი დაუსვია“ ბუზად და ისე შესულა ქაჯთა სოფელში.
ღვთიშვილებმა საკმაოდ მძიმე ბრძოლა გადაიტანეს, მათ ქაჯები ებრძოდნენ კატის თავებით , ქვებითა და უწმინდურობებით, ამისდა მიუხედავად ღვთიშვილებმა სძლიეს ქაჯებს, სასურველი ნადავლი თან წამოიღეს : ოქროსძალიანი ფანდური, ცხრაენიანი ზარი, მკლავის სიმსხო ჯაჭვის რგოლებიანი საკიდელი, სანაყვი, გრდემლი, ხელკვერი, მარწუხი, ასევე თან წამოიყვანეს ტყვე ქალები და გამარჯვებულები დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში.
მაგრამ საინტერესოა ის თუ , როგორი ქვეყანა არის ქაჯავეთი - როგორც ქვეყანას , აქვს თავისი შუაგული, ისევე როგორც ადამიანთა საზოგადოებას , საყმოს. შუაგული , როგორც კერა , სადაც ამოზრდილია მირონმდინარი ალვის ხე ან ოქროს შიბით ცას გამობმული მუხა ლაშარის გორაზე, ქაჯავეთი არის ადგილი, სადაც ხდება მოქმედება , მაგ: როდესაც ზურაბ ერისთავი განიზრახავს ხევსურების გატეხვას , ის პირველ რიგში მიადგება ხმალას სალოცავს და მის ალვისხეს მოსაჭრელად; ფშავის ხევში ასეთ ადგილას მას ეგულება ლაშარის მუხა, რომლის მოჭრით ის დარწმუნებული იქნება , რომ დაიმორჩილებდა ლაშარის საყმოს ანუ ფშავის თორმეტ თემს. ქაჯებისთვის, ქაჯავეთის შუაგული საკრარული ადგილია, იქ არის სამჭედლო განთავსებული, წმ გიორგიმ იცის, თუ სამჭედლოს აიღებს მაშინ ქაჯავეთი გატეხილია და მისი საიდუმლო ამოხსნილია.( კიკნაძე.ზ ჯვარი და საყმო)
უფრო დავკონკრეტდები და ვიტყვი , რომ ქაჯები არიან გრძნეულები , ისინი ფლობენ მჭედლობის საიდუმლოს, მჭედლობა კი ცეცხლთან და ცეცხლის მფლობელობასთან ასოცირდება, წმ.გიორგი კი მათ ცეცხლს ართმევს და უკვე ის ხდება ამ ძალის ბატონ-პატრონი.
ძალიან საინტერესო და ინფორმაციულია ასევე „ ვეფხისტყაოსანი“ რომელზედაც მოკლედ უკვე ვისაუბრეთ შესავალში. „ვეფხისტყაოსანში ნახსენებია „ქაჯავეთი“. პოემის მიხედვით ქაჯთა ქალაქი აქამდე უბრძოლველია და მიუვალი, ამ თვალსაზრისით საყურადღებოა ნესტანის წერილიც:
„ციხეს ვზი ეზომ მაღალსა, თვალნი ძლივს გარდასწვდებიან,
გზა გვირაბითა შემოვა , მცველნი მუზ ზედა დგებიან,
დღისით და ღამით მოყმენი ნობათსა არ დასცდებან,
მათთა შემბმელთა დაჰხოცეს, მართ ცეცხლად მოედებიან“.(რუსთაველი 2014;371)
 ციხის გალავანი და გვირაბი ქაჯთა ქალაქს მიუვალს და აუღებელს ხდის,გვირაბს ბევრი, ანუ ათი ათასი , მცველი იცავს, ციხის კლდოვან გალავანს კი, რომელსაც სამი კარი ჰქონდა , სამ-სამი ათასი, ანუ სულ 9 ათასი მოყმე იცავს. სულ ქალაქის შესასვლელს 19 ათასი მცველი ჰყავდა, ნესტანი მიუთითებს აგრეთვე ქაჯთა საომარ მოქმედებაზე და აღნიშნავს, რომ ისინი სხვა მებრძოლთა წესების მიხედვით არ იბრძვის, სწორედ ამ მიმოწერიდან გამომდინარე პერსონაჟები (ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი) ახერხებენ ციხის კარგად შესწავლას და მოულოდნელ თავდასხმას, რაც რაინდების გამარჯვებით სრულდება. საყურადღებოა ერთი დეტალიც: „ვეფხისტყაოსნის“ რაინდები დამარცხებული მტრის მიმართ მოწყალებას იჩენენ ხოლმე. მაგალითად ტარიელისაგან ხატაელთა შენდობა და ავთანდილისგან ცოცხლად დარჩენილ მეკობრეთა დანდობის ეპიზოტების გახსენება, მაგრამ ქაჯეთის ციხეში ისინი ამგვარად არ იქცევიან, მათ არც ერთი ქაჯი არ გაუშვეს ცოცხალი, რასაც განსაკუთრებული მიზეზი ჰქონდა -მთლიანად გაენადგურებინათ და ახმოეფხვრათ სიავის ბუდე -ქაჯეთის ციხე და მოესპოთ ქაჯთა მოდგმა „ მონახეს და არ აცოცხლეს, რაც ბრძოლით დარჩომოდათ“ რაინდებმა გაათავისუფლეს ქაჯთა ტყვეობაში მყოფი ნესტან-დარეჯანი, რითაც სიკეთის იდეას გაამარჯვებინეს.
კონსტანტინე გამსახურდიამ თავის ესსეში დანტე ალეგიერის შესახებ ქაჯეთის აღების ეპიზოდი ვეფხისტყაოსნისა დაუკავშირა ანტიურ მითოლოგიასა და პოეზიაში ფართოდ გავრცელებულ მოტივს ქვესკნელად შთასვლისას (8), (ბერძ. <giL\"-ს), საიდანაც გამომდინარეობს დასკვნა, რომ ქაჯეთის აღება ალეგორიული ასახვაა ინიციაციის გზისა, ქვესკნელად შთასვლისა. (ქაჯეთსა და ქვესკნელურ, ქტონურ საუფლოს შორის ანალოგიაზე დეტალურად ვისაუბრებთ ქვემოთ, როდესაც შევეხებით ქართული მითოლოგიისა და წმ. გიორგის კულტის კავშირს ვეფხისტყაოსანთან). ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა აგრეთვე გალაკტიონ ტაბიძის „პოემა ვეფხისა“ (1927 წ.), სადაც ვხვდებით განსაცვიფრებელ ინტუიტურ მიგნებებს ვეფხისტყაოსნის ისეთ ენიგმებთან და ალუზიებთან დაკავშირებით, რომელთა მეცნიერული კვლევა იმჟამად არ არსებობდა. აქ პოეტი ხედავს ვეფხისტყაოსნის იდეური და მხატვრული სამყაროს კავშირს ინდური, ზოროასტრული, ძველეგვიპტური და ელინური სიბრძნის ელემენტებთან.
1971 წელს, ირლანდიური საგების წინასიტყვაობაში , სადაც დახასიათებულია მითების წარმომავლობა ანტიური მისტერიათა ინიციაციის კერებიდან, აღნიშნულია, რომ ნესტან-დარეჯანის სახით ვეფხისტყაოსანში სიმბოლიზებულია ქალწული სოფია (საღვთო სიბრძნე), რომლის გამოხსნა ქაჯეთის ტყვეობიდან ინიციაციის გზას ასახავს და რომ ტარიელი ვეფხის (ქვენა ბუნების) მძლეველი გმირია, რომელიც დევების დამარცხებით, ქაჯეთის აღებით და ნესტანის გამოხსნით ახორციელებს ინიციაციის უმაღლეს იდეალს.
ანტიკური და შუასაუკუნეობრივი ლიტერატურის მკვლევარნი თანამედროვე ეტაპზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მითოსისა და პოეზიის ურთიერთმიმართების დადგენას. მითოს განიხილავენ, როგორც ნიადაგს, საიდანაც აღმოცენდა პოეზია. ვინაიდან მხატრული აზროვნება კაცობრიობის განვითარების უადრეს ეტაპზე მითოსის ფორმით ვლინდებოდა, რასაც განაპირობებდა უწინარეს ყოვლისა რელიგიური ცნობიერება. თანამედროვე კვლევა სულ უფრო და უფრო იხრება იმ თვალსაზრისისკენ, რომ მითოსი შეიცავს დაფარულ საზრისს, ფანტასტიური სახეებისა და წარმოდგენების მიღმა არსებულს. აქედან გამომდინარე გვიჩნდება კითხავა, „ქაჯავეთი“ არის თუ არა რეალური გეოგრაფიული სივრცე ,თუ ის ირაციონალური მითოსურ სამყაროს წარმოადგენს? ძველი ქართული ლიტერატურის გამოჩენილი მკვლევარი, დიდი ბელგიელი მეცნიერი ჟერატ გარიტცი ამბობდა, რომ ვეფხისტყაოსნის ქვეყნები და მხარეები კონკრეტულ ისტორიულ-გეოგრაფიულ სინამდვილეს არ გულისხმობს, მისი თვალსაზრისით ეს ყოველივე სიმბოლური აღმოსავლეთია და არა რეალური აღმოსავლეთის ქვეყნები.“ ტარიელი სიმბოლურ აღმოსავლეთში დაეხეტება და ეძებს თავის მიჯნურს“, - წერს იგი თავის წერილში („ საქართველო, პატარა ნაციის სიდიადე“(112)), “ქართლის ცხოვრებაში“ ვკითხულობთ მითიური წინაპრის ქართლოსის შვილიშვილმა ჯავახონმა ორი ქალაქი აღაშენა: წუნდა ჯავახეთში და ქაჯთა ქალაქი არტაანში. ამ უკანასკნელს ახლა ჰერი ჰქვიანო, .დასძენს ლეონტი მროველი. „ქართლის ცხოვრებაში“ ნახსენებ ციხე-ქალაქს არტაან- ერუშეთის საზღვარზე ვხვდებით, რომელიც სოფელ ურთან ახლოს მდებარეობას, ციხე უჩვეულო არქიტექტურის არის, ისეთი ,როგორიც არ არის დამახასიათებელი შუასაუკუნეებისთვის, გალავანი უჩვეულო წრიული ფორმის აქვს სამხრეთ ნაწილში დასმულია დიდი გოდოლი! თითქოს ბეჭედის ფორმა ჰქონდეს, რატომღაც ამ ყველაფერს საკრარული ფორმა დაჰყვება და სულაც არ არის გამორიცხული , რეალურად ქაჯების სამყოფელი ყოფილიყო ეს ციხე.
დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ , რომ მრავალფეროვან სივრცეებს შორის ქაჯავეთი საიდუმლოებით მოცულია, იქიდან იწყება სამყაროს გაკეთილშობილება , კაცობრიობის ხსნა , რენესანსურ ფაზაში გადასვლა, ადამიანური უნარებიასა და სულიერების უმაღლეს რეგისტრში აყვანა. „ვეფხისტყაოსნის“ მისტიკა ამ ქალაქში იშლება მთელი სისავსით, ავტორმა უმიშვნელოვანესი დატვირთვა შესძინნა იმ სიმბოლოებს , რომლებიც ამ ქალაქის სამყაროს მახასიათებელია, პოემის მითოპოეტური სამყაროს ყველა გასაღები ამ ქალაქების კარებთან უნდა ვეძებოთ. ქართულ მითოლოგიაში ქვესკნელის, ქტონური სამყაროს სიმბოლოა ქაჯეთი , ნეგატიური დემონების საუფლო , რომლის დალაშქვრის შემდეგ წმინდა გიორგი და სხვა ღვთის შვილები მოიპოვებენ განძსს, თასს ხოლო ზოგ შემთხვევაში , გამოიხსნიან სამძიმარს , მზექალას და აშექალს, ეს არის გზა წმინდა გიორგის ინიციაციისა, ვეფხისტყაოსანშიც ინიციაციის სიმბოლური დრამა მოცემულია ქართული მითოლოგიისთვის დამახასიათებელი სახეების გამოყენებით.
ვეფხისტყაოსანი მხატრული პირობითობის ენაზე ასახავს ინიციაციური სიბრძნის ძირითად იდეებს ქართული საღვთისმეტყველო აზროვნებისა და მითოლოგიისთვის დამახასიათებელი ფორმით. ავტორის მიზანია ქაჯავეთის სამყაროს განხილვა.
 ქაჯავეთი როგორც რელური გეოგრაფიული სივრცე , შეიძლება ნამდვილად არსებობდა , რადგან ჩემი აზრით შეუძლებელია არარსებულს ფრთები ისე შეასხა, რომ რეალურ სივრცეშიც შეგხვდე მის პროტოტიპს, ვეფხისტყაოსანში და ხევსურულ მითებში ქაჯავეთზე საუბარისას გვიჩნდება შთაბეჭდილება, რომ ეს სივრცე მიღმურია, არარსებული , როგორც გეოგრაფიული სივრცე არ არსებობს , მაგრამ სხვადასხვა მეცნიერები იზიარებენ აზრს, რომელიც ამტკიცებს, რომ ქაჯავეთის ციხე -სიმაგრე აქვე საქართველოს ტერიტორიაზე არსებობდა და დღემე არსებობს , რადგან ჩვენს ტერიტორიაზე ბევრგან გვხვდება ადგილები, სადაც მსგავსი ციხე არის წარმოდგენილი, ასეთივე მიუვალი და იდუმალი. (რაზედაც ზემოთ ვისაუბრეთ) ასევე არსებობის უფლება აქვს , სხვადასხვა ფოლკლორულ პერსონაჟებს (დალი, ოჩო კოჩი, მორიგე ღმერთი, გახუა მეგრელაური და სხვა) , მათ შორის ქაჯებსაც , რადგან დღევანდელობაშიც არის გამოხატული გრძნეულობის მაგალითები, რომელიც შელოცვების სახით ხორციელდება, საზოგადოებაში ხშირად საუბრობენ ჯადოებზე , მოჯადოებულ ადამიანებზე. ვინც  ჯადოს აკეთებ , მას დღესაც გრძნეულს/ქაჯს უწოდებენ.
ქაჯეთის ციხე ნახსენებია ასევე ჩილდირის ბრძოლის აღწერის დროს, რომელიც 1578 წელს მოხდა - ოსმალებმა გამოიყენეს შინაური არეულობა , დაარღვიეს ამასიის ზავის (1555)  პირობები და ომი გამოუცხადა სპარსეთს, ამ ომში ოსმალეთი ცდილობდა მიემხრო საქართველოს მეფე -მთავრები. მრავალრიცხოვანი არმია ლალა მუსტაფას-ფაშას მეთაურობით სამხრეთ საქართველოში შეიჭრა და რამდენიმე ციხე აიღო: ქაჯის, ველის და თეთრიციხის აღების შემდეგ ჩილდირის ველზე დაბანაკდნენ.








გამოყენებული ლიტერატურა
·         . კიკნაძე ჯვარი და საყმო
·         ოჩიაური თ მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში
·         „ვეფხისტყაოსანი“ 2014 წლის გამოცება თბილისი
·         ზ.გამსახურდია „ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება“
·         ჟ.გარიტცი „ საქართველო, პატარა ნაციის სიდიადე“(112)




[1] მთის ციხე , რომელიც მდებარეობს ალამუთში, სამხრეთ კასპიის პროვინციაში , მისი სახელი ნიშნავს „არწივის ბუდეს“

Tuesday, March 29, 2016

ჩერქეზი ხალხის გენოციდი და მათი თანამედროვე ყოფა

 
     







               



                      ჩერქეზები ძვ. ანტიკურ ხანაში

ძვ.წ  XII- VII სს ჩრდ. კავკასიაში არსებობდა რამდენიმე კულტურა. რომელმაც მნიშვნელოვნად განაპირობა ანტიკურ ხანაში პოლიტიკური ერთეულების ჩამოყალიბება. ესენია: მაიკოპის კულტურა, ყობანისა და ყობანისპირა კულტურა, კაიკენტ–ხოროჩაის კულტურა.
წყაროებში ჩანს, რომ უკვე ძვ.წ VII-VI სს. ფორმირდება ადიღური სამყაროს ორი მთავარი ეთნოსი : ჯიქები (ზიხები) და ქასქები შემდეგ, სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ეთნიკური პროცესების შედეგად ჯიქების შერევა მოხდა ჯერ სარმატებთან , ხოლო შემდეგ ადიღეურ ენაზე მოლაპარაკე მეოთურ ტომებთან.
ამავე პერიოდში ჩრდ. კავკასიაშია დამკვიდრებული ირანულენოვანი ტომები , მათ შორის დანდარები, ასევე ანტიკური  ხანის ბოლოს გაჩნდნენ თურქულენოვანი ტომები ჰუნები, რომლებიც თანამედროვე ყარაჩაი–ბალყარელების და კუმიკების წინაპრებად ითვლებიან.
ძვ.წ I  საუკუნეში ადიღეელები პონტოს მეფის მითრიდატე IV –ის კოალიციაში იბრძვიან რომაელების წინააღმდეგ.
ახ.წ I  საუკუნეში ადიღური დასახლება ხდება შავი ზღვის აღმოსავლეთ განაპირა ზოლზე, რომელთაც III-IV სს თავს ესხმიან გოთები და ჰუნები. ადიღური ტომები  თავს აფარებენ მთებს, სადაც მათი შევიწროება და შერევა ხდება ალან და მეოთ ტომებთან.
ანტიკურ ხანაში ადიღურ ხალხს ურთიერთობა ჰქონდა ბოსფორის სამეფოსთან. ბოსფორის სამეფო ძვ. წ საუკუნეში ყირიმის აღმოსავლეთით შეიქმნა, არქეანაქტიდების დინასტიით სათავეში. მისი დედაქალაქი გახდა ერთ–ერთი ბერძნული პოლისი პანტიკაპეონი. მათ დაიმორჩილეს ადიღური მოდგმის ხალხები. ძვ.წ IV ს–ში ლევკონ I  მშვიდობიანად შეუერთდა ბოსფორის სამეფოს.ამას შეიძლება ორი მიზეზი ჰქონოდა : პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერება და სკვით– სარმატთაგან თავის დაცვა. შემდეგ მათ დაიმორჩილეს სხვა მეოთური ტომები , ფატეები, ფსეფები და ა.შ

2)ჩერქეზები XII-XV სს–ში

ჩერქეზები– ადიღეების საერთო სახელწოდებაა. წერილობით ძეგლებში პირველად იხსენიება მე– 13 საუკუნეში ,ჩერქეზებს რუსეთ სახელმწიფოში უწოდებენ ყარაჩაი–ჩერეზეთის მოსახლეობას ლაპარაკობენ ადიღურ ენაზე, რომელიც განეკუთვნება კავკასიური ენების აფხაზურ ადიღეურ ჯგუფს.  მოსახლეობის საერთო რაოდენობა 50,8 ათასი კაცი. ცხოვრობენ ყარაჩაი–ჩერქეზეთის 17 აულში, ასევე ახლო აღმოსავლეთში , სადაც გადაასახლეს 19 საუკუნის მეორე ნახევარში, აქ ჩერქეზებს უწოდებენ ადიღეებსაც, აფხაზებსაც და ოსებსაც.
ტერმინ ჩერქეზს საფუძვლად უდევს ეთნონიმი „კერკეტი“რომელთაც ძველი ბერძენი ავტორები შავი ზღვის ჩრდილო–აღმოსავლეთ სანაპიროს ადიღური მოდგმის მოსახლეობის აღსანიშნავად იყენებდნენ.
ტერიტორია, რომელიც დღეს ჩერქეზეთის სახელწოდებითაა ცნობილი, ადიღეელთა წინაპრების მიერ ჯერ კიდევ მე–5–მე–7 სს–ში იყო დასახლებული.დღევანდელ ჩერქეზეთში , მდ.ყუბანის დაბლობის , ადიღეელთა და ბესლენელთა მიგრაცია 12–13 სს–ში მოხდა მე–19 საუკუნეში ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის გამო, ყაბარდოელები ჩერქეზეთში მასობრივად გადასახლდნენ. მათი ეს მიგრაცია 1825 წელს შეწყდა. ამ დროისთვის ჩერქეზეთის ტერიტორიაზე ყაბარდოელებს უკვე 62 აული ჰქონდათ.
თანამედროვე ჩერქეზების ფორმირებაში , ყაბარდოელებთან ერთად მნიშვნელოვანი როლი ბესლემელებმაც ითამაშეს. მე–16 საუკუნის წყაროების მონაცებებით , ბესლენელები ლაბისა და ყუბანის აუზებში ცხოვრობდნენ. ამ ტერიტორიას სამხრეთ– აღმოსავლეთით აბაზებით დასახლებული ტერიტორიები ესაზღვრებოდა.
 ჩერქეზები ძირითადად ხელოსნობას მიზდევდნენ და ეს საკმაოდ ფართოდ იყო განვითარებული, შინამრეწველობის ყველა სახე მეცხოველეობის პროდუქტთან იყო დაკავშირებული , რაც ხაზს უსვამს ჩერეზების ძირითად საქმიანობას, რასაც მესაქონლეობა წარმოადგენდა, ასევე განთქმულნი იყვნენ საუკეთესო ყაბარდოული ჯიშის ცხენების გამოყვანაში , ჩერქეზებისთვის ცხენი და იარაღი , კარგი ჩოხა–ახალუხი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ძვირადღირებული და პრესტიჟული, როცა დიუმამ იმოგზაურა კავკასიაში იგი განცვიფრებული იყო ჩერქეზთა ვაშკაცობით, რაინდული თვისებებით..დიუმას ჩერქეზებმა ცხენი და იარაღიც კი აჩუქეს.
რაც შეეხება ჩერქეზთა სოციალურ სტრუქტურას, ჩერქეზებშიც ისევე როგორც კავკასიის სხვა ხალხებში დიდი ოჯახების გვერდით პატარა ინდივიდი ოჯახები არსებობდა, დიდმა ოჯახებმა XIX ს–ის  II ნახევრამდე იარსებეს, ქორწინებაში მკაცრად იყო დაცული ეგზოგამია (ანუ იკრძალებოდა ნათესაური ქორწინება) ვინც ამ წესს დაარღვევდა თემიდან მოკვეთავდნენ და სამშობლოს ფარგლებსგარეთ დევნიდნენ. მიღებული იყო ხელოვნური ნათესაობის ფორმებიც (მოყვრობა, ძუძუმტეობა და ა.შ) მიუხედავად ასეთი ღრმა ენდოგამური კავშირებისა მათთვის უცხო არ იყო სორორატი ანუ დეიდაშვილის ქმარზე ქორწინება და ლევირატი მაზლისა და რძლის ქორწინება.
მე–14–15 საუკუნეებში ჩერქეზები ქრისტიანებად ითვლებოდნენ. ქრისტიანობა მე 10 – მე12 საუკუნეებში საქართველოდან და ბიზანტიიდან გავრცელდა, მაგრამ ფეხი ვერ მოიკიდა რადგან ხელი შეუშალა ისლამმა, რომელმაც ჩრდილო–დასავლეთ კავკასიაში შემოღწევა მე–14 საუკუნეში დაიწყო. ისლამის ძლიერი გავლენის მიუხედავად ჩერქეზებში ძველი წარმართული რწმენა– წარმოდგენებისა და ქრისტიანობის ნაკვალევი მე–20 საუკუნემდე შემორჩათ, მაშასადამე ჩერქეზები მუსლიმი სუნიტები არიან.

          კავკაიის ომი და ჩერქეზები

კავკასიის ომი 1817–1864 წლებში მიმდირარეობდა, რომელიც კავკასიაში რუსეთის იმპერიის შეჭრას მოჰყვა და დასრულდა ამ უკანასკნელის მიერ ჩრთილოეთ კავკასიის ანექსიითა– ჩეჩნეთის, ჩერქეზების, ჩრთილოდასავლეთ კავკასიის ზოგიერთი მთიელების,  ასევე დაღესტნის სხვა ხალხების განადგურებით. ომს შედეგად მოჰყვა ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის იძულებით გადასახლება ოსმალეთის იმპერიაში . ომს სრულიად შეეწირა უბიხი ხალხი და ჩერქეზების 90%. ხოლო მთისპირა და ზღვისპირა საუკეთესო მიწები რუსეთიდან ჩამოსახლებულ ოჯახებს გადაეცათ.
ერთი მხრივ ეს ბრძოლები მიმართული იყო კავკასიაში ირანისა და ოსმალეთის ექსპანსიის წინააღმდეგ, რაც კავკასიის ხალხების ინტერესებს ემსახურებოდა, მეორე მხრივ მათ მიზანს შეადგენდა  კავკასიელი ხალხების ანტიფეოდალური მოძრაობის ჩახშობა. დასასრულ, ეს იყო კოლონიური ხასიათის ბრძოლა , რომელიც რუსეთმა  1817–1864 წლებში ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ და ამით მთლიანად კავკასიის შემოერთების პროცესი დაასრულა.
რუსეთი კავკასიის ტერიტორიით ჯერ კიდევ XVI საუკუნეში დაინტერესდა. ყაზანისა და ასტრახანის სახანოების შემოერთების შემდეგ (1552–1556) მოსკოვი უშუალოდ კავკასიას ემეზობლებოდა . 1567 წელს  სუნჯასა და თერგის შესართავთან , 1588 წელს თერგის დელტაში რუსეთმა ციხესიმაგრეები ააგო. იმ დროს კავკასია ირან– ოსმალეთის ომის ასპარეზზე იყო და მათ წინააღმდეგ ბრძოლაში კავკასიელები ცდილობდნენ რუსეთის გამოყენებას. 1557 წელს ყაბარდოელმა მთავარმა თემურყვამ მოსკოვის ქვეშევრდომობა მიიღო. ხოლო 1580– იან წლებში კახეთის სამეფომ რუსეთთან კავშირი დადო, ხოლო 1783 წელს 24 ივლისს გაფორმდა ტრაქტატი ქართლ– კახეთის რუსეთში  პროტექტირატში შესვლის შესახებ ( გეორგიევსკის ტრაქტატი). დაიწყო დარიალის სამხედრო გზის მოწესრიგება .1784 წელს საფუძველი ჩაეყარა სიმაგრე „ვლადიკავკაზს“
რუსეთი ნაბიჯ–ნაბიჯ ცდილობდა კავკასიის ხელში ჩაგდებას. 1785 წელს ყაბარდოსა და ჩეჩნეთში რუსეთის ცარიზმის კოლონიზატორული პოლიტიკის წინააღმდეგ დაიწყო სახალხო მოძრაობა, რომელმაც მეზობელ ოლქებშიც გადაინაცვლა და საკმაოდ დიდი მაშტაბი მიიღო, მაგრამ მუსლიმანურმა ზედაფენებმა ეს მოძრაობა რელიგიურ სამოსელში გახვია და ღაზავათის დროშით წარმართა. ამ მოძრაობას სათავეში შეიხი მანსური ედგა. მაგრამ დაღესტნის ფეოდალების ნაწილმა მანსურს მხარი არ დაუჭირეს და რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღო. ამან გაადვილა მანსურის დამარცხება ჩეჩნეთსა  და ყაბარდოში. მანსურმა ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთ ნაწილში გადაინაცვლა და იქ გააჩაღა ბრძოლა. მანსურთან ბრძოლის დროს, ოსმალეთთან სიტვაციის გამწვავების გამო რუსეთმა ქართლ– კახეთიდან ჯარი გამოიყვანა, რომელიც გეორგიევსკის ტრაქტატის პირობით იყო შეყვანილი. ამით ქართლ–კახეთის სამეფოს პოლიტიკური მდგომარეობა გართულდა. 1787 წელს რუსეთსა და ოსმალეთს შორის დაიწყო ახალი ომი , რომელიც 1791 წელს ქ. იასში დადებული ზავით დამთავრდა. იასის ზავი ადასტურებდა ქუჩუკ–კაინარჯის ხელშეკრულებას და გეორგიევსკის ტრაქტატის პირობებს.
1806–12 წლებში რუსეთი ოსმალეთს ეომებოდა. რუსათმა ამ ომშიც წარმატებას მიაღწია, მაგრამნ 1812 წელს რუსეთ–საფრანგეთის მოსალოდნელი ომის გამო ოსმალეთთან ზავის დადება აუცილებელი გახდა და 16 მაისს დაიდო ბუქარესტში ზავი. რუსეთმა მიიღო ბესარაბია, ხოლო მოლდავეთი, ვლახეთი, კავკასია–ანაპა, ფოთი და ახალქალაქი ოსმალეთს დაუბრუნდა. სანაცვლოდ ოსმალეთმა ცნო საქართველოს რუსეთთან შეერთება. კოლონიური ჩაგვრის რეჟიმი, რომელსაც ცარიზმი კავკასიაში ამყარებდა. ადგილობრივი მოსახლეობის დიდ უკმაყოფილებას იწვევდა 1802–13 წლებში საქართველოსა და ჩრ. კავკასიაში რამდენიმე აჯანყება მოხდა. მართალია, ყველა მარცხით დამთავრდა, მაგრამ კავკასიის მოსახლეობას ანტიკოლონიური მოძრაობა მაინც არ შეუწყვეტია. 1827 წლიდან რუსეთი გეგმაზომიერ მოქმედებას შეუდგა. ჩრ. კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ დაიწყო საკუთრივ კავკასიის ომი, რომელიც მიზნად ისახავდა ჩეჩნეთის, მთიანი დაღესტნისა და ჩრდილოეთ–დასავლეთ კავკასიის საბოლოო შეერთებას რუსეთთან. ეს ომი სამ ეტაპად იყოფა: 1817–29, 1830–56, 1856–64  წწ–ები.
ჩრდილოეთ კავკასიაში ანტიკოლონიური ბრძოლა ისლამის დროშით გაიშალა. 20– იანი წლებისთვის განსაკუთრებით გაძლიერდა რელიგიური მიმდინარეობა– მიურადიზმი. მისი მოთხოვნა იყო თეოკრატიული ბელადის– იმამისადმი სრული მორჩილება და „ურჯულოთა“ წინააღმდეგ ბრძოლა. ამ მიზნით  20–30 იან წლებში ჩეჩნეთსა  და დაღესტანში შეიქმნა  თეოკრატიული სახელმწიფო – იმამატი. პირველი იმამი ყაზი–მუჰამადმა (ყაზიმოლა) იყო. მან სცადა ჩრ. კავკასიაში ყველა ფეოდალური სამფლობელოს გაერთიანება, მაგრამ ავარიის ხანი და ტარკის შამხალი არ დაემორჩილა. 1830 წლისთვის ყაზი–მუჰამადმა იერიში მიიტანა ავარიის დედაქალაქზე მაგრამ დამარცხდა. 1831 წლეს კი ტარკის აღება მოახერხა. 1840 წელს ჩეჩნეთსა და დაღესტანში ბრძოლა ახალი ძალით განახლდა. იმავე წელა ჩრ. კავკასიის დასავლეთ ნაწილში აჯაყდნენ ადიღეელები, რომელთა შორის მიურიდიზმი ვერ გავრცელდა. ეს აჯანყება ანტიკოლონიური და ანტიფეოდალური ხასიათის იყო. რუსეთი კი ფეოდალებს უჭერდა მხარს. აჯანყებულები საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ. 1841–43 წლებში შამილმა შეძლო რამდენიმე გამარჯვების მოპოვება. დაიკავა ავარია და დაღესტნის მთელი რიგი რეგიონები. იმამის სამფლობელო მნიშვნელოვნად გაიზარდა. მისი ჯარი ოციათას კაცს აღწევდა. 1843 წელს რუსეთის მთავარსარდლობამ თავდაცვითი ტაქტიკა აირჩია. შამილის მიერ განხორციელებული რიგი ბრძოლების მიუხედავად ის რუსეთს მაინც ვერ გაუმკლავდა და 1859 წლის 26 თებერვალს  რუსეთს დანებდა.
1859 წლის ნოემბერში რუსებს ადიღეელთა აჯანყების მოთავე მუჰამედ–ემინიც დანებდა. 1860 წელს ადღეელთა ტომის–ნათხვაჯების, ხოლო 1862–64 წლებში აბაძეხების, შაფსუღებისა და უბიხების წინააღმდეგობაც გატეხეს. 1864 წლის 21 მაისს რუსეთის ჯარმა მდინარე მზიმთის სათავეში მთიელთა ბრძოლის უკანასკნელი კერა–კბაადა დაიკავა. ეს თარიღი კავკასიის ომის დასარულად ითვლება.

       ჩერქეზი ხალხის გენოციდი და თანამედროვეობა

ჩვენმა ისტორიამ არაერთი ცნობები შემოგვინახა ხალხთა მიმართ ჩადენილი სისასტიკეებისა, რომელთა შორის ერთ–ერთი არის XIX საუკუნეში ჩერქეზების მიმართ განხორციელებული სრული სისასტიკე, ამ სისხლიანი მოვლენების შედეგად ჩერქეზი მოსახლეობის 90% დაიღუპა ან იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო.
რუსეთ–კავკასიის ომის დროს რუსეთის იმპერია მიზანმიმართულად ეწეოდა ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთი და ცენტრალური ნაწილის მოსახლეობის– ჩერქეზების ამ რეგიონიდან ძალადობრივი გზით განდევნას. რუსეთის ხელისუფლება ომის დროს ამ რეგიონის მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით განადგურებას ეწეოდა, ქმნიდა ისეთ პრობლემებს, რომლის მიზანი იყო ამ მხარის სრული ან ნაწილობრივ განადგურება.
ამის შედეგად ჩერქეზების დიდი ნაწილი დაიღუპა, ნაწილი იძულებული გახდა უცხოეთში გადახვეწილიყო, ძალიან მცირე ნაწილი დარჩა რუსეთის ტერიტორიაზე.
შედეგად, მრავალი ეთნოგრაფიული ჯგუფი გაქრა, ამდენად რუსეთის იმპერიის ქმედება შეიძლება შეფასდეს როგორც გენოციდი.
ადიღელთა ტრაგედიის თვითმხილველი დროზდოვი ამბობდა:
„საზარელი სურათი გადაგვეშალა თვალწინ– გზა მოფენილი იყო ბავშვების , ქალების, მოხუცების დაგლეჯილი, ძაღლებისაგან ნახევრად შეჭმული გვამებით, შიმშილითა და სნეულებით დასუსტებულ გადასახლებულებს, ძლივს რომ დალასლასებდნენ და წაქცეულებს ჯერ კიდევ ედგათ სული, დამშეული ძაღლები უღებდნენ ბოლოს... ჯამრთელებსა და ცოცხლებს მომაკვდავებისთვის არ ეცალათ, არც მათ ელოდათ უკეთესი ბედი. გაწუწკებული თურქი შკიპერები ტვირთივით ეზიდებოდნენ  ჩერქეზებს მცირე აზიის ნაპირებამდე და ავადმყოფობის უმცირესი ნიშანიც საკმარისი იყო, რომ წყალში მოესროლათ ნებისმიერი. ტალღებს ამ უბედურთა გვამები  ანატოლიის ნაპირებთან გამოჰქონდათ... დანიშნულების ადგილამდე ნახევარმაც ვერ ჩააღწია. ამგვარი უბედურება და ამგვარი მასშტაბებით იშვიათად თუ უნახავს კაცობრიობას.“
ამ ფაქტით შეძრწუნებული XIX ს–ის სამხედრო ისტორიკოსი ადოლფ ბერჟე წერდა:
„ ვერასოდეს დავივიწყებ იმ დამთგრუნველ შთაბეჭდილებებს, ნოვოროსისკის ყურეში თავმოყრილი მთიელების, რომელთა რაოდენობა ალბათ დაახლოებით 17 000 ადამიანი თუ იქნებოდა, ნახვამ რომ მოახდინა ჩემზე. მოგვიანებით, წელიწადის ცივ დროში, საარსებო სახსრების უქონლობა და ტიფისა და სახადის ეპიდემიის მძვინვარება მათ ყოფას სრულიად აუტანელს ხდიდა . ვის გულს არ შეძრავდა ღია ცის ქვეშ ცივ მიწაზე გართხმული, ძონძებში გახვეული ახალგაზრდა ჩერქეზი ქალის დანახვა , რომლის ორი ჩვილი შვილიდან ერთი კრუნჩხვით ღაფავდა სულს, მეორე კი უკვე გათოშილი დედის მკერდს ეპოტინებოდა შიმშილის მოსაკლავად.“
კავკასიის ომის დასრულება რუსეთმა „კრასნაია პოლინაზე“ აღნიშნა (2014 წლის ოლიმპიადის ადგილას) აი რას წერდა გენარალი თავის რაპორტში 1864 წელს :
„აულები , პურისა და ხილის მარაგი გადამწვარია , ზუსტად შეგვიძლია ვივარაუოთ . რომ მოსახლეობა ზამთრის განმავლობაში ან შიმშილით გაწყდება ან ჩვენს ზღვისპირა პუნქტებში გამოვა თურქეთში გადასასახლებლად“.
ჩერქეზი ხალხის ისტორიისადმი ინტერესი 50–იან წლებში გაჩნდა, პირველლად დაინტერესებულ იქნა დიდი ბრიტანეთის სპეც– სამსახურები.ეს იყო გარკვეულწილდ ახალი დოქტრინის– „ცივი ომის“ ფარგლებში კავკასიური მიმართულებით დასავლეთის გააქტიურება. ამის შემდგ არაერთმა უცხოელმა მკვლევარმა , მეცნიერმა თუ ისტორიკოსმა განიხილა ჩერქეზი ხალხის ყოფა.
ცნობილი ამერიკელი დიპლომატი და ექსპერტი პაულ ბ. ჰენზი თავის მონოგრაფიაში , რომელიც ეძღვნება ჩერეზების ბრძოლას რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ , აღნიშნავდა რომ : ის რაც მოხდა, სულ ცოტა გენოციდად უნდა იქნეს შედარებული.
უკანასკნელი პერიოდის ნაშრომებიდან ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ვალტერ რიჩმონდის წიგნი, რომელიც ჩერქეზთა გენოციდისა და იძულებითი დეპორტაციის უმთავრეს საკითხებს ეძღვნება.
უცხოელ მკვლევართაგან ჩერქეზთა ტრაგედიას ცალსახად გენოციდის კვალიფიკაცია  მიანიჭა პროფესორმა ანტერო  ლაითცინგერმა , ის ამბობს რომ : XIX საუკუნეში ცარისტული რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედება ჩერქეზებისადმი იყო ყველაზე დიდი გენოციდი.
ჩერქეზები თითქმის ერთი საუკუნის მანძილზე ებრძოდნენ რუსეთს.  XVIII საუკუნის სამოციან წლებში, რუსეთის ხელისუფლებამ ჩერქეზებისგან ტერიტორია დაცალა და თითქმის სულ გაანადგურა ისინი.
ნაციონალური გამოღვიძების პერიოდი, უკვე საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ დაიწო, უფრო სწორედ, პერესტროიკის დროს გაძლიერდა და პიკს ბორის ელცინის პრეზიდენტობისას მიაღწია, ამ დროს და შემდეგ რუსეთმა გენოციდის აღიარებაზე უარი თქვა. 2006 წელს დიასპორის წარმომადგენელმა აქტივისტებმა, გენოციდის აღიარების დხოვნით ევროპარლამენტს მიმართეს, მაგრამ პასუხი ვერ მიიღეს. დღესდღეობით, ნაციონალური იდენტობის გაძლიერებაში დიდი როლს ინტერნეტი თამაშობს– სწორედ ისაა ხიდი სხვადასხვა ქვეყნებსა და დასახლებებში გაფანტული ჩერქეზებისთვის. ახალი თაობის აქთივისტები მას განსაკუთრებით აქტიურად იყენებენ .
აქტივისტების მცდელობების მიუხედავად გენოციდის აღიარება ვერ იქნა მიღებული ვერც რუსეთისგან და ვერც დანარჩენი მსოფლიოსგან. მხოლოდ  2011 წლის 20 მაისს საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარა რუსეთის იმპერიის მიერ რუსეთ კავკასიის ომის დროს ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუციას. საკანომდებლო ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას ერთსულოვანი გამოდგა. 95 ხმა არცერთის წინააღმდეგ.
როგორც მოსალოდნელი იყო , რუსეთში ბრაზობენ– კონსტატინე კოსაჩევმა– რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავჯდომარემ , განაცხადა, რომ ქართველებს პოლიტიკური მიზნები ამოძრავებდათ და ამ ხალხის ტრაგიკული ბედი მათ არ ანაღვლებდათ. კოსაჩევმა ხაზი გაუსვა  იმას, რომ ქართული მხარის მიზანი, რუსეთის ანტაგონიზება და მისი იმ ხალხის უბედურების წყაროდ წარმოჩენაა, რომლებიც იქ საბჭოთა კავშირამდე და მის დროს ცხოვრობდნენ. სხვებმა ეს ფაქტი რუსეთში „ იდეოლოგიური დივერსიათაც“ შეაფასა.
ამ ყველაფრის მიუხედავად ჩერქეზების მიერ გამართულ ერთ–ერთ ფორუმზე ისინი იმედს გამოთქვამენ , რომ საქართველოს მაგალითს სხვებიც მიბაძავენ, დიასპორის წარმომადგენლებს ახლა ერთი მიზანი აერთიანებთ, რომ სხვა ქვეყნებმაც აღიაროს მათი გენოციდი.
რამდენად თანაუგრძნობს მათ თანამედროვე მსოფლიო, მომავალი გვიჩვენებს.


                                                                                                        სალომე ძიძიგური

მიუსაფარი ბავშვები

 




შუაღამე ხდებოდა ,როდესაც რაღაც უცნაურმა ხმამ გამომაღვიძა, ირგვლივ მხოლოდ სიბნელე და მარტოობა იგრძნობოდა, გარედან საშინელი ხმა შემომესმა, ტირილის, კვნესის სასოწარკვეთის. ამ ქვითინში მხოლოდ ერთი სიტყვა გავარჩიე და ეს იყო „ დედა “ ისე ინსტიქტურად წამოვდექი ლოგინიდან ,ჩავიცვი და გარეთ გავედი ვერც კი მოვისაზრე თუ როდის ან როგორ მოხდა ეს, წამის შუალედებში სადარბაზოსთან გავჩნდი ,იქვე პატარა ბავშვი დაკონკილი ტანსაცმლით დაუბანელი, დედის ცხედარს დასტიროდა და მთელი გულით ტიროდა, თითქოს ორგანოთა მთელი ნაწილი აჰყოლოდა მის ქვითინს, თვალებიდან ცრემლები ისე ჩამოსდიოდა დაუბანელ სახეზე  ანაბეჭტს ტოვებდა. მინდოდა მივსულიყავი ,დამემშვიდებინა, ასეც მოვიქცეოდი მაგრამ პოლიციის სირენის ხმა გავიგე ,იმ წუთს მთელი საპატრულო მანქანები ჩემს სადარბაზოსთან გაჩნდა, თითქოს საშინელი კრიმინალი ,მკვლელი ან ტერორისტი უნდა დაეჭირათ ,ისე საშინლად ჩაავლეს ამ ბავშვს მკლავებში ხელი, მეც კი მთელი სხეულით დავიძაბე .მოვინდომე მეყვირა ,გაუშვით !რას აკეთებთ ?მას ხომ ახლახან დედა მოუკვდა, მაგრამ რატომღაც ამ ყველაფერს დუმილი ვარჩიე და მუნჯივით დავდუმდი.
ვინ იყო ეს ბავშვი? პატარა ბიჭი, რომელიც 12-წლამდე ქუჩაში იზრდებოდა(სანამ ციხის კარებმა არ შეუზღუდა თავისუფლება)დედა, რომელიც სიცივისაგან გარდაიცვალა და ოჯახიდან გარიყული საკუთარ თავს და თავის ბიჭს მათხოვრობით არჩენდა .მათ არ ჰქონდათ თავშესაფარი, მათი ყოველდღიური საცხოვრებელი იყო მტვრიანი, ჭუჭყიანი და ბნელი მიტოვებული მატარებლის ვაგონები, მათ არავინ კითხულობდა და არც არავის  ჭირდებოდა.
ყველაზე საშინელება ის არის, რომ დედა-შვილის მსგავსად ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფება ამჟამად  საქართველოში, მათზე ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს და ხშირად არც მათი არსებობის რაიმე დამადასტურებელი საბუთი მოიპოვება. გამოდის რომ ადამიანი ფაქტიურად არ არსებობს და იმ შემთხვევაში თუ მას რაიმე დაემართება, სახელმწიფო ვერ დაეხმარება. მისი და მის გარშემო არსებული რეალობა ჰგავს „ იყო და არა იყო რას “. მაგალითად თუ მოხდა ასეთი ადამიანის მკვლელობა ან დაჭერა პროკურატურა გამოძიებას ვერ აწარმოებს, რატომ? იმიტომ რომ პიროვნება, რომელიც მოკლეს ან დაიჭირეს ოფიციალურად არ იყო რეგისტრირებული. მის შესახებ დოკუმენტაცია არ მოიპოვება. ის უბრალოდ არ არსებობს. სწორედ ასეთ გაურკვეველ ვითარებაში მოხვდა პატარა ბიჭი ციხეში, რომელიც დედის სიკვდილის გამო ჯერაც არ იყო შოკიდან გამოსული, მას არანაირი დოკუმენტაცია არ აღმოაჩნდა ,რომ გამოძიება დაეწყოთ და უდანაშაულობა დაემტკიცებინათ, მაგრამ საქმეც ის არის, რომ ეს პატარა ბიჭი საერთოდ არაფერ შუაში არ იყო, მისმა ტირილმა ჩემი კორპუსის მცხოვრებლები შეაწუხა ,მათი ტკბილი ძილი დააფრთხო. და მძაფრი რეაგირებაც მოჰყვა .ის სამუდამო სიბნელეში განამწესეს.
ეს იყო ყველაზე დიდი უსამართლობა ,როგორც საზოგადოების ასევე სახელმწიფოს მხრიდან, ასეთი დამოკიდებულება მიუსაფარი ბავშვების და არა მარტო ბავშვებისადმი ოთხი წლის წინ ხდებოდა და რა ხდება დღეს?
დღეს-დღეობით სამწუხაროდ საქართველოში არფერი შეცვლილა, მიუსაფარ ბავშვებთა რიცხვი დღითიდღე იზრდება, თბილისის ქუჩებში იმდენი მიუსაფარი ბავშვი დადის ,მათ დანახვაზე ტკივილის გრძნობა გაგვიქრა. არადა ბავშვი როცა იტანჯება უნდა გვეტკინოს. საშინელებაა დღევანდელი საზოგადოების ხედვა ამ ბავშვებისადმი. მაგალითად ორი კვირის წინ, მეტროსთან პატარა გოგონა საცოდავად მოაბიჯებდა, ეგრევე მიხვდებოდი ,რომ ძალიან შიოდა და დაღლილი იყო, პატარამ ერთ-ერთ ახალგაზრდას ხელი გაუწოდა იმ იმედით ,რომ ის მას ხურდებით დაეხმარებოდა, მაგრამ ახალგაზრდამ ჩვეული აგრესიით და გინებით მოიშორა თავიდან.
ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია სააგენტო „ კავკაზ-პრესის “ კვლევის შედეგი, მათი არაოფიციალური სტატისტიკით მარტო თბილისში იმყოფება  4500 მიუსაფარი ბავშვი, რომლებიც ბაზრობაზე წვრილმანი ვაჭრობით, მათხოვრობით და ქურდბაცაცობით ირჩენენ თავს. დაახლოებით 4535 ბავშვი იმყოფება კმაყოფაზე ე.წ ბავშვთა სახლებში, რომელთა უმრავლესობა ელემენტარულ დონეზეც ვერ აკმაყოფილებს საყოფაცხოვრებო და სასწავლო პირობებს. სწორედ ასეთი გაუსაძლისი პირობების გამო ნათია(მიუსაფარი ბავშვი)თავშესაფრიდან გამოიქცა, რადგან მას ამღზრდელები  ცუდად ეპყრობოდნენ,  საკვები ხან ობიანია ,ხან საერთოდ არ აქვთ, ის ტანსაცმლებიც რომელსაც ჩვენი საზოგადოების მაღლი ფენა ერთ წელიწადში ერთხელ იმეტებს ადრესატამდე ვერ აღწევს და თუ აღწევს ბოლომდე გადარჩეულია. ნათიას ამ საუბრის მერე ვეკითხები..დედა გყავს?
არა,-თავს მიქნევს და ლამაზი თვალებით მიყურებს,-ამათ ყველას ასეთი თვალები აქვთ, ფსკერზე ჩაძირული სათქმელით. ჩვენ კი ამ სათქმელს ბოლომდე ვერ ვკითხულობთ.-არავის უნდა გულზე კიდევ ერთი ტკივილის გადატარება .
მაგრამ ჩვენ ყველამ უნდა ვეცადოთ, ეს ბავშვები საზოგადოების ღირსეულ წევრებად ჩამოვაყალიბოთ. საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და თანაც რაც შეიძლება სასწრაფოდ, თორემ ძალიან მალე ჩვენი ქუჩები მიუსაფარ ბავშვებს ვეღარ დაიტევს.
მართალია ეს ყველაფერი ზღვაში წვეთია, მაგრამ როგორც დედა ტერეზა იტყოდა “ ჩვენ შესაძლოა ვფიქრობთ, რომ ჩვენს მიერ გაკეთებული ესა თუ ის საქმე ზღვაში წვეთია, მაგრამ ზღვა ამ წვეთის გარეშე უფრო პატარა იქნებოდა “.


სალომე ძიძიგური

ევროპა უნდა გაწითლდეს !!







1943 წელს ჯერ სტალინგრადთან, შემდგომ კი კურსკის რკალზე მოპოვებული დიდი გამარჯვების შემდეგ, საბჭოთა კავშირის სტრატეგიული უპირატესობა მეორე მსოფლიო ომში უკვე აღარავითარ ეჭვს აღარ იწვევდა. ყველა მიხვდა, რომ ფაშიზმის დამარცხება უკვე დროის ამბავი იყო. ფაშისტმა დიქტატორმა მეორე მსოფლიო ომში პოლიტიკური მეთოდების გამოყენება სცადა და სტალინს თავისი დიპლომატები გამოუგზავნა. აგვისტოს მიწურულს, როდესაც ჯერ კიდევ არ ჰქონდათ მონელებული კურსკის მარცხი, ჰიტლერის ემისრებმა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა კომისარიატს დიპლომატიური არხებით შეატყობინეს, რომ მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხზე სურდათ დალაპარაკება და მოსკოვში ჩამოსვლის ნებართვა ითხოვეს.
ფაშისტთა ეს თხოვნა მოლოტოვმა სასწრაფოდ სტალინს გადასცა: „ჩამოვიდნენ, – ერთმნიშვნელოვნად თქვა დიდმა ბელადმა, – თუმცა, მშვენივრად ვიცი, რა უნდათ მაგ ვაჟბატონებს“. სტალინმა ჩიბუხის ტარი ულვაშებზე ჩამოისვა და დასძინა: „ჰიტლერი ჩვენმა ძლიერებამ შეაკრთო, ჩვენმა გამარჯვებებმა მას თვალები აუხილა და მწარე რეალობა დაანახვა, დარწმუნებული ვარ, ფაშისტები გარიგებას შემოგვთავაზებენ, ზავსა და ჯარების გაყვანაზე დაიწყებენ საუბარს; არც ისაა გამორიცხული, ევროპის გაყოფაც კი შემოგვთავაზონო“. მოლოტოვი უძრავად უსმენდა დიდი ბელადის მოსაზრებებს და სიტყვა არ უთქვამს, სტალინი კი განუწყვეტლივ, დინჯად მიმოდიოდა კაბინეტში და სიამოვნებით აბოლებდა ჩიბუხს. მან ერთხანს ფანჯარაში იყურა, ბოლოს კი ასე დაასრულა თავისი სიტყვა: „ფაშისტებს გადაეცით, რომ შეხვედრაზე თანახმა ვართ და შეუძლიათ, მობრძანდნენ“.

ჰიტლერის წერილი სტალინს


1 სექტემბერს, მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებიდან ოთხი წლის თავზე, ჰიტლერის პირადი წარმომადგენელი, გრაფი ვალტერ ფონ აშენბახი, მოსკოვს ეწვია და 14 საათზე მოლოტოვის კაბინეტში შედგა ფეხი. ფონ აშენბახმა მოლოტოვს სტალინისთვის ჰიტლერისგან გამოგზავნილი ვრცელი წერილი გადასცა, რომელშიც ეწერა: „ჰერ იოსებ სტალინ! პირველ ყოვლისა, მინდა, დავადასტურო ჩემი პატივისცემა თქვენ მიმართ, როგორც პიროვნებისა და ბელადისადმი, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოს მმართველი და ღირსეული წინამძღოლია. თქვენთან მომართვა გადამაწყვეტინა იმ გარემოებამ, რომ ჩვენ შორის წარმოებული სასტიკი, სისხლისმღვრელი ომი, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი საერთო მტრებისბრიტანეთისა და შეერთებული შტატების იმპერიების წისქვილზე ასხამს წყალს და არც ჩვენს და არც თქვენს საერთო საქმეს არ არგებს. ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენ მიერ ატეხილი სამხედრო კონფლიქტი, ჩემ მიერ ზემოთ დასახელებული ძალების მიერაა პროვოცირებული და მათი საბოლოო მიზანი ჩვენი უდიდესი ქვეყნების სისხლისგან დაცლაა, რათა მათ საბოლოო ჯამში ჩვენი ცალ-ცალკე დამორჩილება შეძლონ. დამეთანხმებით, ალბათ, ასეთი რამ არც თქვენ და არც ჩვენ არ მოგვიტანს სარგებლობას და, საბოლოოდ, სხვები იხეირებენ. დღევანდელი ომის მსვლელობის ანალიზის შედეგად, მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ ჩვენი უდიდესი ქვეყნები ერთმანეთს დაანგრევენ, გააცამტვერებენ, ჩვენს ნანგრევებზე კი ისინი იმ შენობას ააგებენ, რომელიც საბოლოოდ დაანგრევს მსოფლიო ცივილიზაციის ყველა მონაპოვარს და კაცობრიობის უდიდეს მიღწევებს სამუდამოდ დამარხავს. ჩემი პირადი წარმომადგენელი, გრაფი ვალტერ ფონ აშენბახი, უფლებამოსილია, ჩემი სახელით აწარმოოს მოლაპარაკებები და ჩვენი (თქვენი და ჩემი) პირადი შეხვედრის დეტალები დააზუსტოს. ფონ აშენბახს თქვენდამი გადმოსაცემი კონკრეტული წინადადებები აქვს, მე კი ზოგადად გაგაცნობთ ჩემს მოსაზრებებს:
ვალტერ ფონ აშენბახმა სტალინს მოლოტოვის ხელით გადასცა ჰიტლერის წერილი, რადგან დიდმა ბელადმა პრინციპულად განაცხადა უარი ფაშისტ ემისართან შეხვედრაზე და ეს მისია ვიაჩესლავ მოლოტოვს გადაულოცა. ჰიტლერის წერილი მოლოტოვმა სტალინს აშენბახთან შეხვედრის წინ გადასცა და, სანამ კაბინეტს დატოვებდა დიდმა ბელადმა უთხრა: „არაფერში შეეწინააღმდეგო, დეტალურად მოუსმინე და უთხარი, რომ საბოლოო პასუხს ჩემთან შეხვედრის შემდეგ გასცემ“.
1 სექტემბრის დღის 13 საათსა და 30 წუთზე, მოლოტოვი საკუთარ კაბინეტში დაბრუნდა, ზუსტად 14 საათზე კი, მან უკვე ფონ აშენბახი მიიღო. აშენბახ-მოლოტოვის შეხვედრა 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა და მოსკოვის დროით 17 საათსა და 25 წუთზე დასრულდა, რის შემდეგაც ფაშისტი ემისარი სავახშმოდ და მოსასვენებლად წაიყვანეს, მოლოტოვი კი სტალინთან გაეშურა. „რას გვთავაზობენ ფაშისტები კონკრეტულად?“ – იკითხა სტალინმა და დატენილი ჩიბუხით ოთახში დაიწყო ბოლთისცემა, თან ყურადღებით უსმენდა მოლოტოვს. „კობა, მათი წინადადებები საკმაოდ მიმზიდველი ჩანს და, უნდა გითხრა, რომ აბსოლუტურად ზუსტად გამოიცანი“. სტალინს ხმა არ ამოუღია, მხოლოდ თავით ანიშნა, განაგრძეო, „ჰიტლერი ჩვენი ტერიტორიის უსიტყვო დეოკუპაციასა და ევროპის თითქმის ნახევრის დათმობას გვპირდება, – განაგრძო მოლოტოვმა, – გარდა ამისა, ბრიტანულ-ამერიკული ბლოკის წინააღმდეგ კავშირსა და ერთობლივი სამხედრო-სტრატეგიული პროექტების განხორციელებას გვთავაზობს. როგორც ეტყობა, გერმანიის დაზვერვაც საქმის კურსშია ამერიკული ატომური ბომბის შექმნასთან დაკავშირებით და მან მე ამის შესახებ მიმანიშნა. აშენბახი ომის ოკეანის გაღმა გადატანაზე საუბრობდა და აღნიშნა, რომ მომავლის ყველაზე დიდი საფრთხე სწორედ იქიდან, ამერიკიდან იქნება მოსალოდნელი. მან სიტყვასიტყვით თქვა, რომ ჰიტლერი დიდ შეცდომად მიიჩნევს საბჭოთა კავშირთან ომის დაწყებას და ამ ამბავს ნანობსო“.
სტალინს კომენტარი არ გაუკეთებია და მოლოტოვმაც თხრობა განაგრძო: „ჩემი აზრით, ჰიტლერის წინადადებები, თუ, რა თქმა უნდა, არ თაღლითობს, სრულიად მისაღებია ჩვენთვის და უნდა დავეთანხმოთ“. სტალინმა კვლავ გააბოლა, სავარძელში ჩაჯდა და ალაპარაკდა:
არ მგონია, თაღლითობდეს, რა უნდა მოგვატყუოს ან როგორ? უბრალოდ, მან დასასრულის მოახლოება იგრძნო და ცდილობს, ნახევარი მაინც შეინარჩუნოს თავისი მონაპოვრიდან. მე ფაშისტებთან მოლაპარაკების კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ. ჩვენს ტერიტორიებს ისედაც სულ მალე დავიბრუნებთ. რაც შეეხება ნახევარი ევროპის ჩვენთვის დათმობას, სისულელეა. რატომ უნდა დავთანხმდე ნახევარზე, როდესაც მთლიანის მოპოვების შანსი გვაქვს? ყველანაირი უპირატესობა ჩვენს მხარესაა და სისულელე იქნებოდა ფაშისტებთან დაზავება. ჰიტლერს რომც დავუზავდეთ, ადრე თუ გვიან, ის მაინც ახალ ომში ჩაგვითრევს. ფაშიზმი უნდა განადგურდეს, ევროპა კი უნდა გაწითლდეს. აშენბახი უარით გაისტუმრე და უთხარი, რომ თავის პატრონს ჩვენი კატეგორიული უარი გადასცეს ნებისმიერ შეთანხმებასა თუ მოლაპარაკებაზე“.
ვალტერ ფონ აშენბახმა იმავე საღამოს დატოვა მოსკოვი და ფრონტის ხაზი გადაკვეთა.
სტალინმა ჰიტლერის პოლიტიკა სრულად ამოიცნო და თავისი უარით ბრიტანეთსა და ამერიკასაც მოუსპო ანალოგიური საშუალება. იმავე ღამეს, დიდი ბელადი ჯერ ბრიტანეთის პრემიერს უინსტონ ჩერჩილს, შემდეგ კი შეერთებული შტატების პრეზიდენტს და ფრანკლინ რუზველტს ესაუბრა ტელეფონით. მათ ჰიტლერის პირადი ემისრის მოსკოვში საიდუმლო მისიის შესახებ მოუთხრო.
მოვლენებს ოდნავ წინ გავუსწრებ და ვიტყვი, რომ, ამ ფაქტიდან გამომდინარე, ამერიკულ-ბრიტანული დახმარება ჩვენი ქვეყნის მიმართ თითქმის გაორმაგდა. სტალინი, რა თქმა უნდა, სწორედ იმიტომ იყო დიდი პოლიტიკოსი, რომ მოვლენათა წინასწარი განჭვრეტის, მათზე ზემოქმედებისა და მათი მართვის უნარი ჰქონდა. რაც უნდა საოცრად ჩანდეს, 2 სექტემბერს სტალინმა პირადად ბერიას დაავალა, რომ საბჭოთა დაზვერვას გაასმაგებული ძალით ემუშავა ისეთი ინფორმაციების მოპოვებაზე, რომლებიც ჰიტლერის განადგურების ან მის წინააღმდეგ მიმართული სხვა შეთქმულების დეტალებს შეიცავდა. „ნებისმიერი ასეთი ინფორმაცია, – უბრძანა სტალინმა ბერიას, – პირადად ჰიტლერის ხელში უნდა მოხვდეს და აღიკვეთოს, ის ჩვენ ცოცხალი და ქვეყნის სათავეში გვჭირდება!“ ამით სტალინმა ჰიტლერის უსაფრთხოებას კიდევ ერთი დამატებითი რგოლი შეჰმატა და, არც ისე რთული მისახვედრია, რამ განაპირობა ეს ყოველივე.
თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ, 3 სექტემბერს, სტალინის კაბინეტში ჩატარებული თათბირის საიდუმლო სტენოგრამის ფრაგმენტს. თათბირს ესწრებოდნენ: სტალინი, ბერია, მოლოტოვი, ჟდანოვი, ვოროშილოვი და ჟუკოვი. დიდი ბელადი, ჩვეულებისამებრ, ბოლთას სცემდა ოთახში და აშკარად ეტყობოდა, მშვენიერ გუნება-განწყობაზე იყო (სტენოგრამას პოსკრებიშჩევი იწერდა). „ამხანაგებო! – დაიწყო სტალინმა, – აშენბახის გაპანღურებამ ჰიტლერის დიდი რისხვა გამოიწვია და, როგორც დაზვერვა გვატყობინებს, მას ამის გამო ისტერიკა დამართნია. შექმნილი სიტუაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ უახლოეს პერიოდში ჰიტლერის შიდა თუ გარე ოპოზიცია საგრძნობლად გააქტიურდება და მის თავიდან მოცილებას შეეცდება. ფაშისტებმა მარცხის მოახლოება იგრძნეს და ისინი ყოველნაირად შეეცდებიან სეპარატისტულ გარიგებებზე წასვლას დასავლეთთან, რადგან ჩვენ მათ კატეგორიული უარი ვტკიცეთ.
მიუხედავად ჩვენი მოკავშირეების ვალდებულებებისა, ღრმად ვარ დარწმუნებული, არც შეერთებული შტატები და არც ბრიტანეთი ხელსაყრელ მომენტში უკან არ დაიხევენ ასეთი ნაბიჯისგან. ჩვენ დღეს, როგორც არასდროს, სწორედ ჰიტლერული ხელისუფლება გვესაჭიროება გერმანიის სათავეში, რადგან ის უკვე თავის სრულ დამარცხებამდე იბრძოლებს და საშუალებას მოგვცემს, რაც შეიძლება, ღრმად შევიდეთ ევროპაში. ჰიტლერი თანდათან უფრო უმართავი და ჩვენგან მართვადი ხდება. დარწმუნებული ვარ, ამას ჩვენი დღევანდელი მოკავშირეებიც ეჭვობენ და ისინი ყველანაირად შეეცდებიან მის ლიკვიდაციას, ან, უკიდურეს შემთხვევაში გადაყენებას მაინც. ლავრენტი პავლოვიჩს გუშინ შესაბამისი დავალებები უკვე მივეცი და ფაშისტი დიქტატორის უსაფრთხოება ჩვენს თავზე ავიღეთ, – სტალინს ხალისიანად გაეცინა საკუთარ სიტყვებზე და განაგრძო, – თუმცა, ასპროცენტიანი უსაფრთხოების გარანტია მაინც არ არსებობს და არც მათმა უშიშროებამ უნდა დააღოს პირი. გიორგი კონსტანტინოვიჩ, – მიმართა ბელადმა ჟუკოვს, – მიუხედავად იმისა, რომ მოკავშირეთა დახმარება გაორმაგდა, გვაქვს საიმედო ცნობები, რომ მათი არმიები ფართომასშტაბიან ოპერაციას გეგმავენ ევროპაში, რათა იქ ჩვენ შევასწროთ და, მიუხედავად იმისა, რომ მე ამ პრობლემის პოლიტიკური გადაწყვეტის იმედი მაქვს, თქვენ მაინც უნდა დააჩქაროთ ფაშისტთა გაძევების ფართომასშტაბიანი ოპერაციის მომზადება“.
სტალინის ვარაუდი გამართლდა და მოკავშირეებმა ვერ შეძლეს თავიანთი ჩანაფიქრის განხორციელება, რასაც სტალინის პოლიტიკურმა სვლებმა შეუწყო ხელი დადასწრებაზე თამაშიდროებით გადააფიქრებინა. სხდომის ბოლოს სტალინმა ბერიასა და ჟდანოვს ერთობლივად დაავალა, რომ მათ იდეოლოგიური დოქტრინები მოემზადებინათ ყველა იმ ევროპულ სახელმწიფოში გასავრცელებლად, რომელთა უახლოეს პერიოდში
გათავისუფლებაში ეჭვიც კი არ ეპარებოდა. ევროპა უნდა გაწითლდეს!“დაასრულა სტალინმა სიტყვა და ამით მძლავრი ბიძგი მისცა ევროპის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძლავრი ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობების გააქტიურებას.
სტალინის პირადი დაცვის უფროსის მოადგილის, მიხეილ თევდორაძის მოგონებებიდან